Found in Translation
ამასწინათ რომანების პირველ სიტყვებზე ვფიქრობდი. პირველ რიგში, ცნობილი ფრაზები გავიხსენე, ზოგიც მოთხრობებიდან. უმეტესობას, რაც წამიკითხავს, საკუთარ თავში მთელი წიგნი ჩაეტია. დავფიქრდი, პირველი წინადადება ქმნიდა დანარჩენი ტექსტის განწყობას თუ მთლიანი წიგნის წაკითხვა განსაზღვრავდა შემდგომ პირველი სიტყვების ეფექტსაც. იმ კითხვას რომ მივადექი, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, მივხვდი, რომ შთაბეჭდილების მოხდენა ასეც და ისეც მწერლის საქმედ რჩებოდა, გინდ მთელი წიგნით, გინდ პირველი ფრაზით. მათ კი, ვინც საქმეს გაუმკლავდა, ყოველი, მათ შორის პირველი წინადადების მნიშვნელობასაც მკვეთრად გაუსვეს ხაზი.
გავიხსენოთ კამიუ, რომლის უცხოც ისეთი ფრაზით იხსნება, მკითხველთა ჯგუფების დამსახურებით უშუალოდ წიგნის წაუკითხველმა ხალხმაც რომ იცის:
დღეს დედა მომიკვდა[1].
ესეც ორიგინალი:
Aujourd’hui, maman est morte.
იგი იმდენად მარტივია, რამდენადაც სიფრთხილეს ითხოვს თარგმნისას.
პირველ რიგში, მინდა განვიხილო სიტყვა Maman, რომლისთვისაც ზუსტი ეკვივალენტი, კონტექსტის მიხედვით, არცერთ ენაზე არ მოიპოვება. რაკი საუბრისას ეს სიტყვა პერსონალურად ვისიმე დედას აღნიშნავს ხოლმე, იგი უფრო პირადულია, ვიდრე Mère, რომელსაც დედისთვის მიმართვის დროსაც ფრანგულად არავინ იყენებს და რომლის თარგმნაც თამამად შეიძლება სიტყვით „დედა“. ამიტომაც ქართველ მთარგმნელს შეეძლო, Maman-ის შესატყვისად არა ნეიტრალური „დედა“, არამედ სტილისტური ელფერით მეტ-ნაკლებად ახლომდგომი ეკვივალენტი მოეხმო, მაგალითად, თუნდაც „დედილო“, მით უმეტეს, რომ მერსოს ნახსენებ Maman-ს კამიუსთან სხვა ფუნქციაც აქვს (რაზეც — მოგვიანებით). თუმცა, მეორე მხრივ, მერსოს რომ „დედილო“ ეთქვა, ეს მის პერსონაჟს რომანის ქართულ ვერსიაში შეუსაბამო არისტოკრატულ მანერულობასა და სენტიმენტალურობას შესძენდა. მაშ, როგორ უნდა დაეჭირა ქართული თარგმანის ავტორს, გურანდა დათაშვილს, ოქროს შუალედი?
პასუხი უცხოს ინგლისური თარგმანების ისტორიამ მაპოვნინა[2]. ინგლისურად ალბერ კამიუს პირველი წინადადება ორი სხვადასხვა ვარიანტით გვხვდება. პირველი მათგანი 1946 წლითაა დათარიღებული. იგი სტიუარტ გილბერტს, ბრიტანელ მეცნიერსა და ჯეიმზ ჯოისის მეგობარს, ეკუთვნის. მის უცხოში მერსო ამბობს: Mother died today. აღმოჩნდა, რომ თავად გილბერტი და შემდგომი ორი სხვა თარგმანის ავტორები, ჯოზეფ ლარედო და კეიტ გრიფიტი, მათთან ერთად კი ის მკითხველებიც, რომლებმაც უცხო 1946-1988 წლებში წაიკითხეს, თარგმანის სწორედ იმ სირთულეს წააწყდნენ, რაზეც ზემოთ იყო საუბარი — მათთვის Maman ჩანაცვლდა აბსტრაქტული, პერსონალურობისგან სრულიად დაცლილი Mother-ით. სამაგიეროდ, 1988 წლის შემდეგ უცხოს ინგლისურად წამკითხველებს გაუჩნდათ შანსი, არასწორი პირველი შთაბეჭდილებით აღარ აღექვათ მთელი წიგნი, რადგან სწორედ იმ წელს გამოჩნდა მეთიუ უორდის ახალი თარგმანი.
მეთიუ უორდმა არჩევანის წინაშე დაიყენა თავი: ან Mother, ან Mommy, ან Mom. Mother, ცხადია, გამოირიცხა, რადგან უკვე ეჭვმიტანილ თარგმანშიც გვხვდებოდა. Mommy-ს, მართალია, დედისთვის მიმართვისას იყენებენ, მაგრამ უცხოსთვის მეტისმეტად ბავშვური იქნებოდა. ხოლო Mom მერსოსეული Maman-ის უფრო მშრალი, უფრო ყოფითი ეკვივალენტი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, მეთიუ უორდმა მიიღო ერთდროულად მარტივი და ყველაზე გენიალური გადაწყვეტილება: მან სიტყვა Maman უცვლელად გადმოიტანა თარგმანში:
Maman died today (Bloom, 2012).
მისი გადაწყვეტილება სამი მიზეზითაა სწორი:
- ვინაიდან ენათა უმრავლესობაში ბაგისმიერი თანხმოვნები, მათ შორის „მ“, ერთ-ერთი უმარტივესი ბგერაა, რომლის წარმოთქმაც უკვე ჩვილობიდან შეიძლება, ხოლო „ა“ — ყველაზე მარტივი ხმოვანი, ინგლისურენოვან გარემოში გაზრდილი ადამიანისთვისაც სავსებით ბუნებრივი და იოლად აღსაქმელი ბგერათშეთანხმებაა mama; შესაბამისად, მეთიუ უორდი აღარ ღელავდა იმის გამო, რომ მის თარგმანს ვერავინ გაუგებდა;
- მიუხედავად ინგლისურთან სიახლოვისა, Maman მაინც უცხო, ოდნავ ეგზოტიკური სიტყვაა, რითაც მთარგმნელმა მკითხველი იმით გაანებივრა, რომ პირველივე სიტყვებით ეგრძნოთ — ისინი ეცნობოდნენ მათი დროისა და გარემოსგან განსხვავებულ დრო-სივრცეში განვითარებულ მოვლენებს;
- Maman თავისუფალია ცრუწარმოდგენებისგან. თარგმანშიც ის ისეთივე ბალანსს იცავს, როგორსაც ორიგინალში, ყოველგვარი სიცივის გარეშე, რომელსაც Mother აღძრავს, ყოველგვარი ბავშვური სენტიმენტების გარეშე, რომელთაც იწვევს Mommy.
ქართულ თარგმანს რაც შეეხება, იგი მართლაც გენიალურია: Maman გადაიქცა „დედად“, ხოლო მისმა სტილისტურმა ფუნქციამ — ფაქიზი ემოციური შეფერვით ეჩვენებინა გარდაცვლილი ადამიანის მნიშვნელობასა და მისი სიკვდილის მიმართ პერსონაჟის რეაქციას შორის ის აბსურდული წინააღმდეგობა, რომელიც მოგვიანებით მერსოს განსაცდელის მიზეზი გახდა — ადგილი მონახა ზმნაში „მო-მი-კვდა“, რის საშუალებაც მთარგმნელს ქართული ზმნის მრავალპირიანი ბუნების მოხელთებამ მისცა. შედეგად, ორიგინალის განყენებული, არავისკენ მიმართული „მოკვდა“ (est morte) იქცა მოვლენად, რომელიც უშუალოდ მერსოსთვის მოხდა.
ამის მიუხედავად, მეთიუ უორდის თარგმანი ბოლომდე სრულყოფილი ვერ გამოდგა, რის მიზეზიც ორიგინალის კიდევ ერთი თავისებურებაა: პირველი ფრაზის სიტყვების თანმიმდევრობა, რაც ასევე წინასწარმეტყველებს პერსონაჟის ტრაგედიას (Bloom, 2012).
უცხოს პირველი წინადადება იმდენად მარტივია, რომ მასში სიტყვების გადანაცვლება ფრაზით გამოხატულ მოქმედებას ვერ შეცვლის. სამაგიეროდ, სიტყვების გადაადგილება პირველ შთაბეჭდილებას აღქმის უფრო ღრმა დონეზე ასხვაფერებს. მაგალითად, ორიგინალში რომანის პირველი სიტყვა — Aujourd’hui („დღეს“) — რომელსაც პირობითად წინადადების პირველი საფეხური მინდა ვუწოდო, გრძელდება დედის სიკვდილის ფაქტის აღნიშვნით, შესაბამისად, წინადადების მეორე საფეხურით: maman est morte („დედა მომიკვდა“). ამგვარი თანმიმდევრობის გარეშე, სიტყვის „დღეს“ ასეთი აქცენტირების გარეშე უცხო ვერ დაიწყებოდა, რადგან იწერებოდა ალბერ კამიუს მიერ პატრის მერსოზე — ადამიანის მიერ, რომელიც არსებობდა მხოლოდ „დღეს“, ადამიანზე, რომლისთვისაც არ არსებობდა „გუშინ“ ან „ხვალ“.
მერსო დედის სიკვდილის შესახებ მშრალი დეპეშით შეიტყობს. დედათქვენი გარდაიცვალა. დაკრძალვა ხვალ. გულითადად გისამძიმრებთ (კამიუ, 2017). — ეს სიტყვები იმ ფაქტის პირისპირ ტოვებს, რომ უკვე ხვალ უნდა დამარხოს დედა. აწმყოს ადამიანს დანამდვილებით ცნობილი, გარდაუვალი და უკვე დამდგარი მომავალი („ხვალ“) ხლეჩს, ეს უკვე მისი პიროვნული ტრაგედიაა, რადგან „დღეს“ აღარასდროს იარსებებს. დრომ ყველაფერი გააკეთა, მას უკვე შეუძლია, მერსოსთვის მსვლელობა შეწყვიტოს, მნიშვნელობა დაკარგოს (ეს არაფერს ნიშნავს). ისიც სულერთია, გარდაუვალი მომავალი იქნებ გუშინ თუ დადგა, რადგან მერსოსთვის დედამ დეპეშასთან ერთად შეწყვიტა არსებობა. ეს იწვევს მისი სიკვდილისგან პერსონაჟის გაუცხოებასაც.
ამიტომაც, უცხოს პირველი წინადადების პირველი საფეხური: „დღეს“ — რომელიც აწმყოს, მერსოს არსებობას, დროს განასახიერებს — არა მხოლოდ გრძელდება მეორე საფეხურით, არამედ შთაინთქმება კიდეც მისით: მეორე საფეხური, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ასრულებს წინადადებას. პირველი წინადადება შეიცავს იმასაც, რითაც იწყება წიგნი, და იმასაც, რაც მას ფინალამდე მიიყვანს, დედის სიკვდილის შემდეგ მერსოს თანდათან განადგურებით. საკუთარი თავის შთანთქმით პირველი ფრაზა თვით წიგნის სტრუქტურას იმეორებს.
უცხოს პირველ ინგლისურ თარგმანებს რაც შეეხება, გილბერტის, ლარედოსა და გრიფიტის თარგმანები თავიდანვე გაუმართავი იყო ამ თვალსაზრისით. პირველ მათეულ წინადადებაში სიტყვა Today ფრაზის ბოლოს დგას. მოსალოდნელი იყო, რომ მეთიუ უორდს ეს შეცდომაც გამოესწორებინა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, იმდენად გადაიტანა ყურადღება Maman-ის თარგმნაზე, რომ სხვა გარემოებებიც ვეღარ გაითვალისწინა (Bloom, 2012).
ქართულ თარგმანს რაც შეეხება, იგი ამ მხრივაც უნაკლოა, რადგან ზუსტად იმეორებს ორიგინალის სტრუქტურას: დღეს დედა მომიკვდა.
ერთადერთი, რაც ქართული უცხოს შესავლიდან თვალში გხვდება, მეორე წინადადებაში — ან იქნებ გუშინ, რა ვიცი. — გამოყენებული „რა“ ნაცვალსახელია. ზუსტად ვერ ვიტყვი, ეს მთარგმნელის შეცდომაა, რომელიც მან ან რედაქციამ შემდგომ ჩაასწორეს და ზოგიერთ გამოცემაში გადაკეთდა ნაწილაკად „არ“; თუ, პირიქით, ეს სიტყვაც თავიდანვე სწორად ითარგმნა, მაგრამ გამოცემის დროს დაშვებული შეცდომის გამო ზოგან შემთხვევით დაიბეჭდა, როგორც „რა“. მაგრამ ფაქტია, რომ პირველი აბზაცით შექმნილ სურათს სიტყვა „რა“ მერსოს უადგილო აპათიის, უფრო კი უადგილო გაღიზიანებისა და გამღიზიანებლის რაც შეიძლება მალე მოშორების სურვილის ინტონაციას მატებს.
ძალიან მიხარია, რომ თავად ყოველმხრივ უნაკლო გამოცემა ჩამივარდა ხელთ.
[1] კამიუ, ა. (2017). უცხო. თბილისი: აგორა.
[2] Bloom, R. (2012, May 11). Lost in Translation: What The First Line of “The Stranger” Should Be. Retrieved from The New Yorker: https://www.newyorker.com