ჩანახატები/მოთხრობები – 2020 წელი

2020 წელი 

2020 წლის გაზაფხულმა ჩემ მიერ განვლილ ცხოვრებას დიდი დიაგონალური რკალი გაავლო და წარსულში ამ რკალის მცირე ნაწილი მოაქცია. ამან დასაწყისში კმაყოფილებით გამოწვეული მოულოდნელობა მაგემა, შემდეგ კი არა ერთიანად, არამედ აუჩქარებლად, ცხოვრების მანძილზე ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი უსიამოვნებათა სიუხვე ინტერვალების გარეშე განმაცდევინა.

 რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში იმ განსაკუთრებული, სიახლეების მომტანი და ახალ საფუხურზე გადამყვანი თვის დასაწყისამდე?

ჩემი ოთახის ინტერიერი თეთრ ფერში იყო გადაწყეტილი, თითქმის ყველა ნივთი თეთრი იყო, ზოგზე ბეჟსაც იტყოდით, პატარა კომოდი კი ღია ყავისფრად ანათებდა მზის ყოველი სხივის დაცემაზე. მნახველს თვალს ვერაფერი მოსჭრიდა. არც კონტრასტული ფერები, არც დიდი ზომის ნივთები, საწოლიც კი საშუალო ზომის და თეთრი იყო. ამ ოთახში შესვლისას სტუმარი ყურადღებას ფანჯარაზე გადაიტანდა. სწორედ ფანჯრიდან შემოსული სინათლის ძალა ანათებდა ოთახის მთელ შიდა მორთულობას და ბიზანტიურ ტაძრებში, გუმბათში მოქცეული ქრისტე პანტოკრატორის ნახევარფიგურის მსგავსად მთელ სივრცეზე ბატონობდა. ასეთ გარემოში ვიძინებდი და ვიღვიძებდი. გაღვიძებისას სხეულის ყოველ ნაწილს თვალისგახელიდან ნახევარ წამში შევიგრძნობდი და შეჩვეულ პოზაში, მარჯვენა მხარეს დაყრდნობილი, რამდენიმე წუთით თვალებს კვლავ ვასვენებდი. დაზაფრული ვიღვიძებდი, ზოგჯერ გულისცემა შემაშინებლად აჩქარებული მქონდა, ზოგჯერ კი სიზმარში, სანატრელ რეალობაში მყოფი, კვლავ სიზმარში დაბრუნების გადაულახავ სურვილს მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრაციის გადატანით ვებრძოდი.

რაც შეეხება ცვლილების დასაწყისს, მოულოდნელ სიახლეებსა და გარდამავალ ეტაპზე გადასვლას, როგორც ჩანს, ეს 2020 წლის გაზაფხულის პირველი გეგმა იყო, რომელიც ამაღელვებელ ტალღასავით დამატყდა თავს.

რიცხვს ვერ დაგისახელებთ, თუმცა მახსოვს, რომ ზაფხულის დასაწყისი იდგა, მე კი პატარა კლინიკის წინ თავმოყრილი ცოცხალი რიგის თავში ვიდექი. ამ დღემ ნიადაგი მოუმზადა ჩემს მიჯაჭვულობას იმ ქალაქთან, რომელშიც წლები ვცხოვრობდი და მომავლის 5 წელი მუდმივად მასთან დაბრუნების სურვილში გამატარებინა. იმ დღის არაერთი დეტალი მკაფიოდ აღიბეჭდა გონებაში, მაგალითად, რა მეცვა, რაზე ვფიქრობდი ცოცხალ რიგში მყოფი, ექიმის კაბინეტიდან როგორი დაზაფრული გამოვედი, თუ როგორ ვკვეთდი სხვადასხვა ქუჩებს; თვალებს მახსოვრობაში ბუნების რამდენიმე მდგომარეობა და მრავალი ადამიანის სახე ჩაებეჭდა. ეს დღე 5 წლის წინ გასრულდა, თუმცაღა ჩემთვის იოლად გასაცოცხლებელია. გონებას დეტალებითურთ გაუჯდა და იმ წლის მოგონებებიც ამ დღიდან იღებს სათავეს. მათი აღმატებულება წლიდან წლამდე იმატებს და წლის ბოლოს, იმ წელიწადის ყოფის შეჯამებისას, ჩემი არსებობის განმავლობაში თავსგადახდილ ისტორიებს შორის კვლავ უპირობო ლიდერია. ყოველდღიურობის სიმშვიდისგან გამოწვეული ერთფეროვნებით, უილაჯოსა და მოღუშულს, მაშინ თავი დღევანდელზე უფრო მეტად წახალისებული მყავდა. ​როგორც იტყვიან, ჩვეულებრივი დღე იყო, აწმყოში კი ცვლილებების სათავედ და დაუცველობის შეგრძნების გაჩენის დღეს ვუწოდებ. ამ ჩვეულებრივმა დღემ, სავსემ სიახლეებით, თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ჩემი ფაქიზი სულიერების შესახებ ინფორმირებულობას გაუხსნა კარიბჭე. ეს დღე არაერთხელ გამხსენებია და შემიდარებია მაშინდელი დავრდომილი, სახტად დარჩენილი, განმარტოებული საკუთარი სახე, იმ სავსე, სიხარულით შერისხულ, გონებაგაწმენდილ ახალგაზრდასთან. იმ დღეს ქალაქის ყოველი ფეხითშემოვლილი გზა, მაღაზიები, სხვადასხვა დანიშნულების შენობები და, ზოგადად, ნეტარებადგანცდილი არსებობა ძვირფას მოგონებებთაგან ერთ-ერთი გახდა. სავსებით შესაძლებელია ამის მიზეზად წლების სწრაფი მონაცვლეობა, ჩემში ახალი გრძნობების აღმოცენება და მათი ნაყოფიერი გაზრდა მივიჩნიო.

დღეს ვცდილობ ხშირად მოვხვდე იმ კლინიკის ტერიტორიაზე, ისევ წელშიგამართულმა შემოვუარო, შემდეგ კი იგივე მარშრუტი განვვლო. ცხადია, ეს სურვილები რას ემსახურება. გამოცლილსა და უნარწამრთმევ შეგრძნებებს დაქვემდებარებულს, მიუხედავად მისი არარეალურობისა, ჯიუტად მსურს ვირწმუნო, რომ შემწევს ძალა ხელი წავავლო წარსულის ბინდში გახვეულ საკუთარ თავს და აწმყოსკენ რამდენიმე ნაბიჯით წამოვწიო.

მე ხომ მაშინ სხეულის ერთი ნაწილიდან დაწყებული იმპულსური ტოკვა მეორეში გადაცემით ტკივილს არ მაყენებდა.

მე ხომ მაშინ ნაკლებ ტკივილისმომცველ ფიქრებს ვეზიდებოდი.

მე ხომ მაშინ ახალი დღის გათენების შედეგად მოტანილ სიახლეებს კრთობამოცული არ ვეგებებოდი. ეს 2020 წლის ზაფხულის დასაწყისში მოხდა, მზის სხივების სითბო ზედმეტად შემაწუხებლად შემომიჩნდა მარჯვენა ლოყაზე და ახურებული სახით სწრაფად წამომაყენა საწოლიდან. მომზადებას ჩვეულებისამებრ 1 საათზე მეტი დავუთმე და ოჰ, როგორ სითამამეშემატებული გავემართე კლინიკისაკენ.

დღეს ვწუხვარ, რომ გონება აღარაა მოცული ისევ ისეთი ნაზი, სათუთი, უსიამო გრძნობებისგან შორს მყოფი აზრთა კორიანტელით.

დღეს ვწუხვარ, რომ ვალდებულებადაკისრებული ვიძირები წარსულისთვის მიუღებელ აწმყოში.

დღეს ვწუხვარ, რომ აწმყოს ჩემეული, სასრული ყოფიერება კვლავ წარსულის მოტრფიალეა, ამაში კი, ჭეშმარიტად, ვერ დავწამებ გადაჭარბებულობას.

დღეს ვწუხვარ, რომ მე ერთმა, ათი და ათასი ფიქრთა მონაცვლეობა უნდა დავიტიო და არცერთი არაა ადრინდელის მსგავსი.

სალომე აკობია