მეცხრე სიმფონიის წყევლა
გუშინდელი საუბარი ვარსკვლავებთან წარმატებით დასრულდა. ვენა ხომ დიპლომატიის ქალაქია, მათ შორის – საკუთარ თავთანაც. გადაწყვეტილება მიღებულია. ბეთჰოვენი ბედნიერია. დილა, ტრადიციულად, სამყაროს მიმართ მადლიერების გამოხატვით დაიწყო. „გმადლობ, უფალო, გმადლობ! ყველაფრისთვის გმადლობ!“, წარმოთქვა, ჩაფიქრებულმა გახედა ახალ წიგნს, თეთრ თეთრეულს გადმოაბიჯა და მუხის ერთადგილიანი საწოლიდან წამოიმართა. ეს უკანასკნელი, რთულად შესამჩნევი, არცთუ ნიჭიერი ოსტატის მიერ შესრულებული ორნამენტებით გაფორმებული, წინა ბინიდან წამოიღო და მეგობრები გააკვირვა კიდეც. ათობით ბინა გამოიცვალა ვენაში და, ჩვეულებრივ, ავეჯს ხელუხლებლად ტოვებდა. ახლობელთა გაკვირვება უსაფუძვლო სულაც არ იყო. ბეთჰოვენი ხომ დაფასებული და იმავდროულად, შეძლებული კაცი იყო, იმპერატორის კარზე მიღებული და პატივცემული. აი, სწორედ დღეს უნდა შეხვდეს ფრანც ავსტრიელს და აცნობოს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება. ალბათ, იტყვით, ყოველი გადაწყვეტილება ისედაც საბოლოოაო, მაგრამ ბეთჰოვენის შემთხვევა განსხვავდებოდა. მას იმდენჯერ სთხოვეს, დაეწერა კიდევ ერთი სიმფონია, რომ უხერხულობისგან მხოლოდ ადგილზე ცმუკვას თუ მოახერხებდა და დავფიქრდებიო, მაგრამ არამგონიაო, იტყოდა. დღეს კი მტკიცედ დავდგებიო, საკუთარ თავს გამოუცხადა და ფრანც პირველთან შესახვედრად მოემზადა.
ჰოფბურგის სასახლის დიდებულება ლუდვიგს არც აღაფრთოვანებდა და არც აშინებდა. ის მისთვის ადამიანთა სამყოფელი იყო, არაფრით განსხვავებული, ვიდრე თავად ბეთჰოვენის და სავარაუდოდ, იმ კაცის საცხოვრებელიც, სულ ახლახან რომ გასცდა ქუჩაში. ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ბეთჰოვენს სილამაზის აღქმა არ შეეძლო. ან როგორ შეიძლება ამის მტკიცებას მივყოთ ხელი, მაშინ, როდესაც ლუდვიგის ნაწარმოებები წარმატებით სრულდებოდა მთელ დასავლეთში; მტერი თუ მოყვარე ერთხმად აღიარებდა მისი შემოქმედების ღვთაებრიობას. ეს სიტყვა ვატიკანში დიდად არ მოსწონდათ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ თვით რომის პაპს უთქვამს, ღმერთთან თანაზიარობის გარეშე ასეთი მუსიკა ვერ შეიქმნებოდაო. ასეა თუ ისე, ბეთჰოვენი იმპერატორის სასახლეს ეწვია და მომლოდინე ფრანც პირველს გულმხურვალედ გადაეხვია. ეს უფრო იმპერატორზე ითქმის, ვიდრე ავადმყოფობით ემოციადაკარგულ ბეთჰოვენზე, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ კომპოზოტორი ფრანც პირველს, სულ მცირე, მის წინამორბედებთან შედარებით მეტ პატივს სცემდა და სულერთი არ იყო, რა განწყობით დატოვებდა მას სასახლეში.
– ოჰ, ლუდვიგ, ჩემო! მოუთმენლად გელოდი. – იმპერატორთა ოდიოზური ჩაცმულობა ლუდვიგს ღიმილს ჰგვრიდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ გაკვირვებით შეხედა სასიამოვნო და უცხო ჩაცმა-დახურვის მოყვარულ ფრანცს.
– თქვენო უდიდებულესობავ… – მძიმედ დაიწყო ბეთჰოვენმა.
– გასაგებია. – მიუგო იმპერატორმა. – მე თქვენ არ გკიცხავთ, თუმცა, იქნებ…
– მომიტევეთ და ნება მომეცით, აგიხსნათ. – ერთი ნაბიჯი წინ გადადგა და საუბარი ააჩქარა. ავსტრიელმა ახსნა-განმარტების ნება დართო. – გმადლობთ. – მთავარ სათქმელამდე ძლივძლივობით მივიდა კომპოზიტორი. – ხელოვნებაზე ძალადობა არ შეიძლება. არა, როგორ არ შეიძლება. შეიძლება, ხელოვანს ძალა დაატანო, მაგრამ ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა. მე ეს კარგად ვიცი. ამიტომ გეუბნებით უარს. თუკი ძალას ვიგრძნობ, გპირდებით აუცილებლად დავწერ კიდევ ერთს და ის იქნება გამორჩეული, ღირსი თქვენი დიდებულებისათვის. მომიტევეთ. – ბეთჰოვენმა თავი დახარა. ზურგში ტკივილი იგრძნო. კეთილიო, ბრძანა იმპერატორმა, გაიღიმა და ლუდვიგს მხრებში ხელი მოჰკიდა. თითქოს უსაყვედურა, ჩვენ შორის თავის დახრა რა საჭიროაო.
თავად ბეთჰოვენს გამხელა უჭირდა, თუმცა ცრურწმენას ჰყავდა აყვანილი. მას მტკიცედ სწამდა, რომ მე-9 სიმფონიის დაწერა მას იმ სიცოცხლეს შეუმოკლებდა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა და რომელსაც, აკი, დღენიადაგ მუსიკას უძღვნიდა. მოგვიანებით დრო ცრურწმენის საფუძვლიანობას გამოკვეთს, მაგრამ ეს საფუძველიც მხოლოდ დამთხვევებს დაეყრდნობა. „მათ, ვინც დაწერეს მეცხრე, ზედმეტად მიუახლოვდნენ საიქიოს“- იტყვის არნოლდ შენბერგი. ანტონ ბრუკნერი, ფრანც შუბერტი, ანტონინ დვორჟაკი, ალფრედ შნიტკე – მათაც არ დასცალდათ მე-10 სიმფონიის დაწერა. ბედის ირონიით კი, ნიკოლაი კორნდორფი შნიტკეს უკანასკნელი ნაწარმოების აღდგენაზე მუშაობისას გარდაიცვალა. ბეთჰოვენმა არ იცოდა, რომ ცრურწმენის დასაწყისი თავად მას უკავშირდებოდა და ერთგვარად, თავისი გაუმხელელი შიშებით, სიცოცხლე მოუსწრაფა შემდგომი პერიოდის კომპოზიტორებს, რომელთა ნაწილი თვით ბეთჰოვენის გავლენას განიცდიდა და ზოგ შემთხვევაში, აღიარებდა და ამაყობდა კიდეც ამით.
მეგობრის, ლუი გრინკოს, მიერ ნაჩუქარ წიგნს მიუბრუნდა. წიგნი აღმოსავლეთის ერთ, მანამდე მისთვის უცნობ მეფეს, ერეკლე მეორეს ეძღვნებოდა. თურმე ერეკლე სულ პატარაობიდან ებრძოდა მტერს. მტერია ყველა, ვინც შენთვის ძვირფასს გართმევს ან, სულ მცირე, გეცილება მაინც. მტერია ლეკი, რომელიც ადამიანს იტაცებს და საქონელს მიერეკება. მტერია სპარსეთი და ოსმალეთი, რომლებიც აოხრებენ ქართლ-კახეთს; მიჰყავთ ქალები, ვაჟები და ყიდიან, როგორც პირუტყვს. მტერია რუსეთიც, რომელიც… მაგრამ აქ შევჩერდეთ. ერეკლე მეფემ ეს ჯერ კარგად არ იცის. ან იქნებ იცის და მტერთა შორის ნაკლებად მტრის არჩევა მოუწია. ფიქრობს ბეთჰოვენი. მთელი დღეებია, ფიქრობს. როგორ, სადღაც, ერთ პატარა მიწის ნაგლეჯზე (რა სენტიმენტალურია!) უცხოვრია კაცს, რომელიც სულ იბრძოდა. იბრძოდა ბედნიერებისთვის, მშვიდობისთვის, სიხარულისთვის. „ო, სიხარულო!“ – შესძახებს ლუდვიგი და ახსენდება, ახსენდება ლექსი და თან ფიქრობს, გამალებით ფიქრობს ბეთჰოვენი. სწორედ ამ მეფეს მიუძღვნა პოემა ქართველმა ბარათაშვილმა და ეჭვქვეშ დააყენა ერეკლე მეფის გადაწყვეტილება. ნეტა, შეეძლოს ბეთჰოვენს ერეკლეს დაცვა, ოღონდ შეეძლოს, მაგრამ როგორ? მასაც ხომ სულითა და ხორცით ეჯავრება რუსული იმპერია. მაგრამო, არ ისვენებს ლუდვიგი. როგორ შეიძლება გაწირო მეფე, რომელიც სულ იბრძოდა; ათეულობით წელი, ასი წელი იბრძოდა. მას რომ დანებება გადაეწყვიტა, ხო დანებდებოდა მანამდე?! დანებდებოდა ლეკს, სპარსს, ოსმალოს ან თუნდაც რუსს. განა, მთელი ცხოვრება მონობა სურდა და არჩევდა ვის უღელქვეშ ჯობდა თავის შეფარება?! ნუთუ ამისთვის ვინმე ირჯება? თუ მონა ხარ, განა მნიშვნელობა აქვს, შენთვის ან ღმერთისთვის, ვის ემონები?! ამისთვის წლების მანძილზე სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ღირდა? არა, არა და არა. წარმოუდგენელია. დაუჯერებელია. მეფე ერეკლეს უბრალოდ სწამდა. მშვიდობის სწამდა. თავისუფლება უნდოდა. განა მის კრიტიკოსებს უკეთ ესმით თავისუფლება, ვიდრე ერეკლეს ესმოდა? მაგრამ რა იცის ბეთჰოვენმა, როგორ ესმოდა თავისუფლება ერეკლე მეორეს. ღმერთო, ნუ გავგიჟდები, იტყვის ბეთჰოვენი და გვიპასუხებს. მთელი ცხოვრება, მთელი ცხოვრება ხმალს იქნევდე და არ იცოდე, რა არის თავისუფლება, გაგონილაო, გაიკვირვებს ლუდვიგი და ჰგონია, მისი ეს გაკვირვება ჩვენც უნდა გვესმოდეს, ჩვენც უნდა გადმოგვედოს. მე ხომ ვიბრძვი სიცოცხლისთვის, ვქადაგებ მშვიდობას, მაგრამ ჩემი მცდელობანი არაფერია იმ ბრძოლასთან შედარებით, რომელსაც ყოველ წამს სიკვდილთან ჭიდილი ჰქვიაო. ასეთ ბრძოლაში თუ გაკრთება ხოლმე ჭეშმარიტი მნიშვნელობა თავისუფლებისა. მაშ რამ, რამ აიძულა მეფე ერეკლე რუსეთს შეერთებოდა? ნუთუ მართლა მემკვიდრის მიმართ უნდობლობამ? ნუთუ მართლა შინა მტრების სიმრავლემ? ოჰ, ეს ნარატივი… როგორ, უკვირს ბეთჰოვენს, მხოლოდ ასი წლის ერეკლეს გაუჩდნენ მტრები, ერი თვალსა და ხელს შუა გადაგვარდა და მანამდე ამის ნიშნები არ იყო? განა, მანამდე არ იცოდა ერეკლე მეფემ, როცა ხმალს იქნევდა ყველა მიმართულებით, რომ პატარა ქართლ-კახეთს შიდა მტრებიც ჰყავდა? მაშინ რატომ არ დანებდა? ფიქრობს ლუდვიგი, მაგრამ არ აქვს პასუხები. ყველაზე მეტად კი ის უსამართლობა აწუხებს, რომელიც თანამედროვე ქართველებმა გამოიჩინეს თავიანთი მეფის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რა განზრახვა ჰქონდა ერეკლეს, ფიქრობს ბეთჰოვენი და კვლავ გაკვირვებული იმეორებს, ის ხომ იბრძოდა, ის ხომ იბრძოდა. ძლივს მიუახლოვდა თავის სამუშაო მაგიდას, ფურცლები მოიმარჯვა და წერა დაიწყო.
რასაც ახლა გეტყვით, სათაურით მიგანიშნეთ კიდეც. მეორე დღეს ბეთჰოვენი თავის სამუშაო ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. მაგიდაზე კი ახალი სიმფონია იდო, წარწერით „აღმოსავლეთის ნაპოლეონს“. მოგვიანებით, სიტყვა „აღმოსავლეთის“, შინაარსის გაურკვევლობის გამო, საერთოდაც ამოშალეს. ამგვარად, კვლავაც ბედის ირონია ჩაერთო საქმეში და უმნიშვნელოვანესი მიძღვნა დაიკარგა. ალბათ, ასე ხდება, როცა ბედი არც სიცოცხლეში გაქვს და არც სიცოცხლის შემდეგ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
ფრანც პირველის ბრძანებით, რომელსაც მიძღვნა არც ისე ერგებოდა და არც ასე, მე-9 სიმფონია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაკრძალვის ცერემონიისას შესრულდა.
მერი ხვიბლიანი
07.09.2025