ჩანახატები / მოთხრობები – შეუმდგარიკოლაჟი

picture1

შეუმდგარი კოლაჟი

 

– ა’მ ბეგინ, ბეგინ იუუ..

– გამორთეთ! – შესრულდა. – სირცხვილია!

– ჩავატანოთ?

– რაც გინდათ, ის ქენით. დაწვით!

– ცოდოა. ბარბაროსები ხომ არ ვართ?!

– ჩადეთ, მაშინ. ოღონდ მე თავი დამანებეთ!

–  აწერია, რომ…

– არ მაინტერესებს! ჩადეთ!

– კარგი…

***

   არტისტულობის მოთხოვნილებას, რასაც ყოფით მეტყველებაში, პირადი დრამით გართობასაც უწოდებენ, მეზობლების მიმართ მორიდებულობამ, ანდაც, ისევ სასაუბრო ენას მივმართოთ, დაუძლეველმა კომპლექსებმა აჯობა და ნაცვლად წამების რეალურად ათვლისა, სამამდე სწრაფად დათვლის შემდეგ ჭიშკარი გამოაღო. რატომღაც მასთან ტრადიციულ მხატვრულ ტენდენციებს, როგორც ჩანს, ნაკლებ პატივს სცემენ, ამიტომ შინ შესვლა „კარის შეღებით“ არ ხდება. იქნებ, აღნიშვნას მხოლოდ სახლის დატოვება იმსახურებს?!… მე არ ვიცი… შეიძლება, სხვამ იცოდეს… იცოდეს! ჩვენ კი თვალი მივადევნოთ რენეს, რომელიც ისევ ვერ აკოცებს რამდენიმე თვის უნახავ დედას, ხელის აწევით მიესალმება დას და მხოლოდ მაშინ დაიტყობს ღიმილს, როდესაც მისი გახარების იმედად შეძენილ საღებავებსა და ფურცლებს გამოუჩენენ. მაშ ასე, რა დროს გამოცდებია, როცა პირველად გაქვს მშვენიერი ფუნჯი. ვინღა დაეძებს ნიჭს?! მხოლოდ სიმშვიდეს… არ ვიცი, რას ფიქრობს ამის შესახებ თავად რენე, თუმცა ინსტინქტით მაინც ხომ მშვიდად ყოფნა აირჩია და ხატვის დასაწყებად მოემზადა, – ძველი საარჩევნო გაზეთები თითქმის ფურცლის პარამეტრების მაგიდაზე დააფინა, თავის დროზე ფუნჯის განსაფერადებლად განწირული ჭიქა წყლით შეავსო, ცარიელი შოკოლადის ყუთი პალიტრად მოიმზადა, სამზარეულოს სკამიც დასაჯდომად წააქცია და საქმეს შეუდგა. სიმართლე რომ ითქვას, ფურცელზე თუ შეეძლო სისრულის დანახვა. იმის, რაც ასე აკლდა და დღემდე წამლებითაც ვერაფერი უშველა. უმალვე დაღლის მიუხედავად, ფურცელს მაინც ბოლომდე ავსებდა. ეს წამები, ალბათ, შვებას ჰგვრიდა, თორემ არასასურველი, მტანჯველი დავალების შესრულებას ჰგავდა მისი მცდელობა, უბრალოდ არ დაეტოვებინა ფურცლის თეთრი ადგილი საღებავში ამოსვრილი ფუნჯის შეხების გარეშე.

… სამი ნახატი შესრულდა. დანარჩენ ორთან შედარებით „გოგონა გრეიფრუტის თმით“ ნაკლებ ბრაზს იწვევდა და მისი უპირატესობაც ეს იყო. ერთი აქტი, ხატვის სახით, დასრულებულია. შეგვიძლია, ავინაცვლოთ მეორე სართულზე. უფრო სწორად კი, ავყვეთ რენეს, რომელსაც ამასობაში კიბე აუთავებია. მის სახესა და განწყობას, ამჯერად, თვალი ვერ მივადევნეთ, თუმცა, არა უშავს! წინ დიდი საქმე აქვს და მეც აქ ვარ…

ხის გრძელ მაგიდას მიუჯდა. იგრძნობა, როგორ უკვირს საგანგებოდ გათამაშებული სცენის ბუნებრიობა. წყლით ნახევრად ცარიელი მინის ჭიქა ტრაპეციის ფერდად გაშლილ ხელს მიანდო მაგიდის ერთ, ნებისმიერ წერტილზე განსათავსებლად. ფეხები მაგიდის ძელს შემოაწყო. მარცხენა ხელის გრძელი თითებით, თითქოს ძველი სიბეჯითის მოსაგონებლად, მარჯვენა ხელის იდაყვი დაიჭირა. წელში გაიმართა. უეცრად შეფხიზლებულმა ტკივილმა მოხრა მოსთხოვა, მაგრამ ორიოდე წელია ბრძანებებს უპირობოდ აღარ ასრულებს. მაგიდის ზედაპირს ხარისხიანი გაზეთის ფურცლები ფარავდა. შინაარსს არ გასცნობია. დანიშნულება თავიდანვე განუსაზღვრა და მას შემდეგ არც ეს საკითხი გადახედილა. რაღა მაინცდამაინც საპრეზიდენტო არჩევნების გაზეთს წაიკითხავდა?! „შეიძლებოდა კი მათი საზოგადოებრივ ტრანსპორტში დარიგება?“ – ისევ გაიფიქრა, თუმცა ეს ფიქრი, ჩვეულებრივ, მიდევნებად არ ღირდა. მით უფრო, თუ ხელები მარჯვედ გაქვს დაწყობილი და მოსახერხებელი ქაღალდიც, ფუნქციის უნაკლო შესრულებით, ხაოიან ზედაპირს საიმედოდ ფარავს.

   წამლების თანმიმდევრობით მიღების შემდეგ ჭიქა აჩქარებით, თუმცა უხმაუროდ დააბრუნა გაზეთის უკიდურესი მარჯვენა კუთხის ჰიპოთეტურ კვადრატში. ორივე ხელის მაჯა და ათივე თითის ბალიში გადარჩენის უკანასკნელ ღერს ჩაჭიდებული კაცის სიმძლავრით დააბჯინა რომელიღაც პოლიტიკოსსა და ერთ-ერთ, როგორც ჩანს, ახალგახსნილ შენობას და გაემართა მარჯვნივ, თავისი ოთახისკენ.

ფანჯარა #1

   ფანჯარა გამოაღო დაწაფებულმა. კუთხეში მდგარ, კედლისკენ შეტრიალებულ სკამს გახედა. გადაიფიქრა. მოშავო წითელი ფერით გაწყობილ სუფრაზე რამდენიმე რვეული უწესრიგობას ქმნიდა. შეასწორა. მეორე აიღო. პატარა ფურცელი გამოაძვრინა და კითხვას შეუდგა. ვერმეერის გოგონა გეგონებოდათ. ამინდიც მოღრუბლული იყო. ოთახში კი თითქმის მთლიანად იდგა ცისფერი შუქი. დაუმსახურებლად ღია ფანჯარა ჩაკეტა. მეც კი ვიგრძენი, როგორ ჩამოენაცრა “Blue sky window”. ისევ გამოაღო. მოუსვენრობა არ ივარგებს. მას ევალება, თვალი გაუსწოროს რეალობას… (პირობითად, მეგობრებო!)

ფურცლის მეორე ხაზს მოვკარი თვალი. – „მეშინია, რომ მომავალი არ იქნება. მაგრამ რომ არ იყოს?“ – იკითხებოდა ბავშვი რენეს შფოთვა. ვერაფრისმაქნის გამართლებულ წინათგრძნობას უყურებდა ვერაწყლიანებული თვალებით. მხოლოდ ტუჩის კუთხეები დაეძაბა უკან და მაღლა აქაჩვით. თავისი ხელით არ აუკრძალავს ჰაერს შემოსვლას. მერე რა, რომ გაბნეული 24 წელი დგას ფანჯრის რაფას ჩამოყრდნობილი. ეზოში მატისისეული, „ბავშვური“, თითქოს სიბრტყობრივი ფორმის ბაღის იარაღები  მოჩანდა, თუმცა არსად ჩანდა ფერადი ყვავილები.

…აჰ…ეს ალვის ხეები. როგორ უხუთავენ სულს საკუთარი მძიმე არსებობის შემგრძნობ რენეს. უნაყოფო, ასვეტილი, გახუნებული მწვანე ფოთლებით. რა არის ახლა ეს?! სად არის „მაგრამ, რადგანაც კაცნი გვქვიან…“? თუ ხე გქვია, …უბრძოლველად დანებებული ქარს… გვეყოს! არ შეუძლია აღარც რენეს. იქვე მიატოვებს ფურცლებს. გარბის. თავგანწირული ! …

ფანჯარა #2

   ორი ნაბიჯი წინ და მარჯვენა კარში შედის. მეზობლების ჭერისკენ მიმართულ სახეებს აგონებს ეს ოთახი რენეს. თავად არ სურს, უკეთ გაიხსენოს. მისი ნებართვის გარეშე კი, ვერც მე მოგახსენებთ ვერაფერს. სიბნელესთან ასოცირებულია აქ ყოველი ნივთი. აქაც ცარიელი რაფები. აქაც გამოაღო ფანჯრები. – ალუბლის ხე, – მეტად ესთეტიკური, უფრო დახვეწილი, ელეგანტური, ვიდრე ალვის ხე. ქარის დროს ხვეულთმიანი მოცეკვავე ქალის რხევას ემსგავსება და სუსტი თმისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, დანებების კვალსაც არ აჩენს.

სხვა სახლიც მოჩანს – რენეს ბავშვობის „საზაფხულო რეზიდენცია“. ათობით წაკითხული წიგნი, 6000-ამდე გვერდი ყოველ ზაფხულს და დღეს – გათამამებული ტკივილი სხეულში. ოღონდ ისევ შეეძლოს მშვიდად, თავში გაუგებარი, თვითგამოურკვეველი, გზააბნეული ნაწილაკების გიჟური მოძრაობის გარეშე კითხვა და თავს არ დაზოგავდა, იმავეს გაიმეორებდა. ამჯერად, ნამდვილად შევნიშნე ცრემლი მის ორივე თვალზე. ტუჩის კუთხეები, ოდნავ გაწეული გვერდით, ძირს დაშვებულნი, მოკანკალე ნიკაპი და პერიოდულად შემკრთალი ძარღვი მარცხენა წარბის მარცხენა კუთხეში თითქმის იდეალურად ქმნიდა რენეს მიმდინარე სულხორცეულ პორტრეტს.

ბავშვობაში მთელი ოჯახი სხვადასხვა ფორმით მოუწოდებდა დღეს შენელებულ კადრად ქცეულ რენეს, როგორმე საკმარისად მიეჩნია დედამიწა. „დედამიწაზე დაეტიე!“ რჩეული ფრაზა იყო, უშუალოდ გაიგივებული რენესთან. მაშინვე არ ითვლებოდა ამ მიწაზე მყოფად… ძველ თავგადასავლებს აგონებს ფიცრულიც და უჭირს, სუნთქვა უჭირს რენეს. აქ გაჩერება არ შეიძლება. გამომეტყველების შეცვლის გარეშე გადის.

ფანჯარა #3

   მარჯვენა კარში შედის. ფანჯარას აღებს. ღმერთო, კიბე! უკანასკნელ დღეებში, თითქმის, ერთი საათი დასჭირდა მამას ამ კიბის ამოსათავებლად და რისთვის? გაგრიდან გამოგზავნილი, გზაში გადაღებული ვიდეო რომ ენახა და ეგრძნო ყოველი ხე. რამდენი ხანი ეძებდნენ გუგლში მეგობრობის ქუჩას. გაახსენდა, რომ ოცნება აქვს. აქ ისმოდა სულისგამაწვრილებელი „მამაო ჩვენოც“, პერიოდულად ქართული ფანოღის შედევრები რომ ენაცვლებოდა ხოლმე და ვინც მოასწრებდა, გამორბოდა, ისევ დაშვებული მუსიკის ჩასართავად… სიზმრის დაწერა სთხოვა. არ შეუსრულა. თავი დაიფასა. სამყარო არ იცის, რამხელაა, მაგრამ გაცილებით დიდია სინანული..

***

   თავის ოთახში კედლისკენ შეტრიალებულ სკამზე ჯდება. მუხლზე დაყრდნობილი რვეულის ფურცელზე დაუკვირვებლად გადააადგილებს კალამს. მე თუ მკითხავთ, ჩხაპნის. ფანჯრებსა და კედლებს უყურებს. თითქოს მასზე მღერის ფოგელბერგიც, თუ არ ჩავთვლით, რომ დაქორწინებული არ ყოფილა, არც შვილები ჰყავს და მოხუცებულობამდე მიღწეული თავიც არ წარმოუდგენია. თუმცა, თუკი გაიჭირვებს, უარესი თუ არა, ნაკლები არ უნდა იყოს სიმღერის გმირზე. ბოლოს და ბოლოს, დაბადების დღეზე ხომ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ფანჯრიდან სულიერიც არ დაუნახავს რაიმე…

მშვიდად უახლოვდება ფანჯარას. კეტავს. მხოლოდ სხვათა კარლ ჰოლზისეულ ღია ფანჯრებს ხედავს. მანაც მინის მიღმა ხელი აუწია არავის. მოერიდა. აწეული ხელი შეაჩერა, მუშტად შეკრული. ეღიმება. ფანჯარა ჩაკეტილია, მაგრამ სუნთქავს. შესაძლებელია! უნდოდა კი ასე?! ღირდა თავისთვის ყოველივეს გახსენება დაეძალებინა?

   დედა ეძახის. ნუთუ ისევ ყველა ერთად უნდა შემოუსხდნენ სუფრას? ყოველი ასეთი დაძახებისას მოწყალების მთხოვნელი ხმით ეხვეწებოდა დედას, ამ აბზაცსაც ჩავამთავრებო, ორ წუთში მოვალო. ოღონდ ისევ არსებობდეს ყველა და არც ერთი წამით არ ალოდინებდა არავის…

რენე, არ გესმის? ჩამოდი, გაცივდება!

  • დედა, ეჟვანი მინდა, ოთახში დავკიდო.
  • რად გინდა?
  • ეშმაკებს დავაფრთხობ. – გაიღიმა, მხოლოდ ტუჩებით.
  • ნუ სულელობ! და… გააღე ეს ფანჯრები! ხო არ უნდა ამოიხუთო?!
  • დედა, მიყვარხარ!

უფუნქციოდ ვიყავი, ამიტომ ვერ ამოვიღე ხმა.

დროებით, რენე!

     …

   ამ ჩანახატს „ვიზიტი შინ“  ვუწოდე და რენე მივივიწყე. მას შემდეგ ქალაქში დაბრუნდებოდა. მეც ჩემს არეულ ამბებს მივუბრუნდი. ან იქნებ არ მეპატია ჩემი ერთდღიანი დაკვირვება. მე რომ ღმერთთან გაიგივებული არ ვიყო, ჩავერეოდი, მაგრამ არ შემიძლია. ბევრი რამ არ ვიცი, თუმცა რენეს ფეისბუქგვერდზე რამდენიმე ნაწერს წავაწყდი, დიდი გამოხმაურება არც ერთს არ ჰქონია. მათი წარმოდგენით მინდა პატივი ვცე, იქნებ გამოვისყიდოთ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული:

                                      „ მცდელობისთვის მომზადების მცდელობა

 

ბატონო კაპიტონ!

თქვენამდე გავჩნდი, თუმცა ყოველთვის უმცროსი ვიყავი თქვენზე. ერთ გონებაში ჩასახული სხვადასხვა გვერდზე მიგვავლინა გამჩენმა. დღეს, არაფრის მცოდნეს თქვენი ამბისა, გამახსენდით და როგორც ერთადერთ იმედს, გელოდებით. თუ ისევ უწინდელი ფერი გადევთ, მაპატიეთ ამ მკრეხელური შეწუხების გამო. თქვენსავე ვარსკვლავზე დაბადებული გუცა მოგმართავთ, იქნებ გაიგეთ უკვე რაიმე ხსნის არსებობის შესახებ… მოიშორეთ უჩინარობის მწველი მოსასხამი თუ ხარობს ნესოსი?

მანამდე მე თავის ტკივილს გავექცევი ფრაგმენტებად, მაგრამ ღვარცოფით (რა არაპოეტურია!) მოვარდნილი ბოდვის ნერვიულად ჩანიშვნით…

მოუთმენლად ველი პასუხს

იყავით ყურადღებით!

თქვენი გულშემატკივარი.

*

   დაფიქრებისგან უარყოფილმა, სინამდვილეში კი ყოველგვარ ძალისხმევაზე ხელაღებულმა, „მცდელობა“ დავარქვი და ცარიელი ვორდის ფაილი შევინახე. საქმე დაწყებულია. ალბათ, ზუსტად ასეთმა უადგილოდ შემოპარებულმა თვითკმაყოფილებამ მომიყვანა აქამდე. მაგრამ ახლა, ისევე როგორც გუშინ და უკვე იმდენი ხანი, რომ შემიძლია „წლების განმავლობაშიც“ კი ვთქვა, დაღლილი ვარ. დიახ, ფარია. საიმედოდ გიცავს.  არჩევანია. უამრავ ასარჩევს შორის (იქნებ მოსალოდნელი იყო, მეთქვა „ალტერნატივა“) თავად ავირჩიე არარაობად  ყოფნასთან შეგუების ფორმა, ცხოვრებისაკენ (და არა „გან“) ზურგშექცეული ისე, თითქოს სიმაღლეზე შემოდებული განძისკენ მზერა არც არასოდეს გამპარვია და არ მიგრძნია ნდომა იმისა, რაც, შესაძლოა, თავიდანვე არ მეკუთვნოდა.

*

– შენი მოთხრობა წავიკითხე… – დაულაგებელი სიტყვებიდან აზრის გამოტანის შესაძლებლობის მოლოდინი ნაცნობებს აღარ აქვთ და პასუხის ამოკითხვას სახეზე დაკვირვებით ცდილობენ, რაც ჩემთვის ნაკლებად ხელსაყრელია, თუმცა რა გაეწყობა! არ დაადგა საშველი და არ მიეცა არაფერს საკმარისი მნიშვნელობა, მასზე სრული პასუხისმგებლობით საუბარი რომ შევძლო. როგორც ხედავთ, საკუთარი უუნარობის საფუძვლების გაკეთილშობილებას („გაპრავებას“, თუკი დავაზუსტებ) ცდას არ ვაკლებ… არ დამჭირდა ხმის ამოღება… – ჩემოდნიან კაცზე. – მოეწონა, ასე თქვა. რა ზოგადი ნათქვამია, არა? მძიმე სიცარიელემ გაქრობის მიზანშეწონილობა შემახსენა და დაზუსტების თხოვნა ვეღარ შევბედე. წლების წინ (ნაგულიხმევი 5 წელი მთელი ცხოვრებაა)  კონკურსისთვის მეტისმეტად შეზღუდულ დროში დაწერილი ნაშრომი (მოდი, ერქვას ასე) მიხსენეს, უკანასკნელი, რაც დამიწყია და ფორმალურად დასრულებულად გამომიცხადებია.

… მარიამს დილით, საერთო სამზარეულოში გადავეყარე. არ ვიცი ვინ მოაგზავნა, რას…ვის.. სჯერა კიდევ ჩემი დაძვრის, ან ვის…რის…წინაშე მოიხადა ვალი, თუმცა წერის გაგრძელება რიგიან აზრად შემომთავაზა. მოგვიანებით, სადარბაზოს კუთხეში თავისი ოთახის კართან მოვკარი თვალი, ისევ დაბნეულად ავუწიე ხელი (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, „ავიქნიე“), გაუგებრობები ჩავილაპარაკე და თავის დაცინვით შევბრუნდი ოთახში. ადამიანის სასხვათაშორისოდ ნათქვამი სიტყვით შემსუბუქებაში დავადანაშაულე თავი. არადა, ადეკვატური ქცევით დიდი ხანია ისედაც არ გამოვირჩევი. მეტიც, ექიმმა ნევროლოგთან გაუქმებული კონსულტაციის შინაარსიც კი იცოდა. ნუ გამახსენებთ! „გარემოზე ადეკვატური რეაგირებისთვის“ ჯერ მაინც არ ვგეგმავ ფსიქიატრთან ვიზიტს. ისე დავიღალე, განა ეს ნორმალური არ არის? დიდი ხანია აქ ვარ. კისერი გამიშეშდება.. სხვა დროს მოვალ.

*

   სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთი მაქვს. ჩემს მაღალინტელექტუალურ სამსახურში დაგვიანება არ შეიძლება. გესმით, ბატონო კაპიტონ? მეც კი მიმავიწყდით! თქვენ თუ ერთხელ გაბედეთ სამსახურის გაცდენა და თქვენდა სამწუხაროდ დირექტორთან გარდაუვალი სცენა არ შედგა, მე გამომაგდებენ და მეეჭვება, ჩემი დახმარება შეძლოთ. ნეტავ, სულ არ გადმომეფურცლა ის გვერდი, სადაც გიპოვეთ. თქვენგან თავის დაღწევის შეშლილმა სურვილმა ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაც არ მომცა. იქნებ უკვე თანახმა ვარ, „წარმატების უძრავი და გაუმჭვირვალე სიამოვნება“ თავადაც ვიგრძნო, ხელმძღვანელისაგან „ერთმნიშვნელოვანი ღიმილის ღირსი“ გავხდე და საერთოდაც, ვინ აპირებს უკმაყოფილების გამოთქმას, თუკი ჩემი ფერიც კანცელარიის საერთო ფერში გაითქვიფება. თქვენ სასარგებლოდ ყოფნა მაინც შეძელით, ამის დაფასება კი ვერა, მაგრამ არა! არ შემშურდება, სანამ არ გამონახავთ საშუალებას და არ მეტყვით, როგორ დაგიბარათ თქვენი არსებობის მანძილზე ყველაზე მშვენიერ დღეს დირექტორმა და გისაყვედურათ უპასუხისმგებლობის, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო. მითხარით, რომ ეს სხვათა თანდასწრებით ხდებოდა და თქვენ, როგორც სკოლიდან გაპარული მეათე კლასელი ბიჭი დირექტორის წინაშე, ამაყად იდექით კაბინეტის ცენტრში, აპლოდისმენტების მოლოდინში და იგრძენით რაღაც უცხო, ჯერაც უგრძნობი, გამომაფხიზლებელი, უჩვეულოდ ტკბილი სიმსუბუქე; იქნებ სხვა ფერი იყავით მაშინ… იქნებ ცხოვრობთ კიდეც ახლა… რა ფერია ცხოვრება? .. ეჰ.. მანამდე.. ამასობაში.. უნივერსიტეტმა შემახსენა თავი. სამი კვირაა ფეხი არ მიმიდგამს, საცხოვრებლიდანაც გამაგდებენ. ამის შემდეგ რაღა რჩება – ცხოვრების დასასრულის განცდა გაფორმებულ ცხოვრების დასასრულად გადაიქცევა.. ახლა კი, ღმერთო… მოწყენილობა დიდი ცოდვააო, – ასე მარტივი და მოსახერხებელია ღმერთის სახელით ადამიანის მიტოვება. კარგად უნდა იყო, ადამიანო! განა იმიტომ მოგიკითხე, სხვა რამ გეპასუხა? დამანახე უფლის მიმართ პატივისცემა; ნუ დამღლი; აღიარე, რომ კარგად ხარ და ღმერთს ნუ გმობ! მადლობა გადაიხადე ყოველი დილისთვის!.. ყოველი დილა, ღმერთო!

*

   არცერთ აზრს განვითარების პრეტენზია არ აქვს. ულოგიკო ნაკადებად ჩნდებიან, მაზიანებენ და ქრებიან. თუ რამდენიმე წუთით ბასრ ინსტრუმენტებს დამალავენ, მე განეიტრალებული ვრჩები. თავის ტკივილი შეჩერებულია. მხოლოდ აუტანელი დრო იგრძნობა გაყინულად. მცდელობისათვის მომზადება დამშვიდებას მოითხოვდა, თუმცა კვლავაც, რა გაეწყობა! არ აღმოჩნდა მარტივი… არ შედგა… სამაგიეროდ, უკონტროლო პროცესად იქცა :

*

   წვიმიან ამინდში ფურცლები ფანჯარასთან მიმქონდა ხოლმე. გემახსოვრებათ, როგორ ეკუმშებოდათ გული ალვის ხეებს. შეწყნარების უნარი დაკარგეს მათაც, ჩემგან სულის შეხუთვა აღარ უწერიათ, მაგრამ სახლში ჩასულს ყოველ ჯერზე მაინც პასუხსა და თავდახრას მთხოვენ… ამ დროს ჩვეული ფრაზა იწყებს ამოტივტივებას – „ციდან ეშვებოდა წვიმის წვეთები“ – ჯერ კიდევ როდის ვიყავი მოცლილი, საიდან დაეშვებოდა აბა?! რა გააქრობს ამდენ უსულოს, ამდენ ალვის ხეს ჩემი ფანჯრიდან, ღმერთო! და, მაინც, ვერ ვიკავებ ბრაზს და თქვენც მოგადექით, ბატონო ჯემალ! ვინ… ვინ დაგავალათ ჩემი გამომზეურება, რა საკადრებელი იყო ჩასაფრება და უმწეო, სულელი ბავშვის ინსტინქტების გამარადიულება. 103-ე გვერდზე ელექტრონივით ნაგრძნობი უკანასკნელი სიხარული რომ გაქვთ აღწერილი, ხსნა სადღაა, ხომ არ გამოგრჩათ? გუცად დავრჩები მუდამ, მარიანობა არ მიწერია? განა, ეს დუმილი ცოდვა არ არის? ასე გაქცევა შეიძლებოდა?!

*

თავიდან იწყება… ოღონდ დღეს არა და პროტესტის გარეშე გაქრობასაც დავთანხმდები ან არაფრისგან შევქმნი ძალას და ერთ აზრს მაინც, არსებობის მანძილზე, დავასრულებ…

*

შესვენებისთვის ყველაფერი მზად არის, მომზადებულია მორიგი დღის გაცდენაც უნივერსიტეტში. ვერშემდგარი იურისტის ამბიციამ გაჟონა სათაურში და აი, ისიც, უადგილოდ შემოპარებული თვითკმაყოფილება. მტკვრის ფოტოც შეცვალე ნაგულისხმევი მცდელობის სრულყოფისთვის და დღეისთვის საკმარისია! ცეცხლის ალში გახვეული „გაგრა“ დააბრუნე!

*

სულ შეიშალე?!“

*

   ჩემი არ იყოს, არც რენეს ჰქონდა გამოგონების უნარი. რასაც გრძნობდა და როგორც გრძნობდა, ისე წერდა. როგორც ჩანს, მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს მოუხდენია მასზე დიდი შთაბეჭდილება; „კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი“ და „მარიანა“ გაუერთიანებია და ერთი მიმართვა დაუწერია. შემდეგი ჩანახატი მაფიქრებინებს, რომ რენე საბოლოოდ მაინც მივიდა ფსიქიატრთან:

                                                    „ საუნივერსიტეტო აპნოე

                                                                                                                                    აწ უკვე მეგობარს,

                                                                                                          უნაზესი გრძნობით მიძღვნილი

   სწავლის დაწყებიდან მე-10 კვირაა. წელს პირველად მივდივარ უნივერსიტეტში. დიდი რისკია. დიაგნოზი შიზოიდური დეპრესიაა. ეს ძალიან სახალისოა, თუმცა მეტი მუღამისთვის დიდი აუდიტორია მჭირდება. ერთხელ პირველ სემინარზეც მივედი, პატივი დაგდეთ რომ მოვედი-მეთქი, სტუდენტებს განვუცხადე, ხმა არავის ამოუღია, მიყურებდნენ. არ მახსოვს უხერხულობისგან დავიბენი თუ არა, მაგრამ ლექტორის მოსვლამდე კი გამოვბრუნდი. დღეს კი თავი გავიგიჟე, საუბარი მინდოდა. დაფასთან დამაყენეს. არ მომეწონა. ვითხოვე, კითხვები დაესვათ, რადგან რაც ეწერა დიდებულად ვიცოდი. ასეც ვთქვი. არ მკითხეს. იურისტი ვარ-მეთქი პროფესიით, არავის უკითხავს, ჰუმანიტარმა ლექტორმა პასუხით გამაჩერა. არამგონია, მე ჩემს ზრდილობას შევეჩერებინე.

ვიღიმოდი, მაგრამ საშინლად ვგრძნობდი თავს. ერთსაათიანი შუალედი მქონდა. ვფიქრობდი, სხვა სემინარზე მისვლა არ ღირდა. უარესი დამხვდებოდა. საკმარის კრედიტს თუ არ შევაგროვებდი, დაფინანსება შემიწყდებოდა და სწავლის მიტოვება მომიწევდა. აი, სტუდენტის გასაჭირი. თავს ფიქრს ვაძალებდი, თან ამით ვერთობოდი. თავი მაგიდაზე ჩამოვდე.

რაღაც მკერდზე ხელებს მიჭერდა. ვიცოდი, გაივლიდა. გაღვიძება მინდოდა, როგორც ყოველთვის ამ დროს. სუნთქვაარეული სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი თავს. ისევ იმ ტიპზე მეფიქრებოდა, პლატოზე რომ ცხოვრობს და ორი წელია მემეგობრება. მოგიყვეთ? (უკვე უნიჭო დასაწყისია). არ ვიცოდი, ვის ველაპარაკებოდი. სიტყვები ირეოდა გონებაში.

   „შოპენი და სიცოცხლე უყვარდა ბეთჰოვენას. გაზაფხულზე ისე  გახალისდებოდა ხოლმე, მშობლებს უკვირდათ, ეს გულჩათხრობილი ბავშვი ყოველი დღის დადგომას დიდი ენერგიით როგორ ხვდებაო. ჩართავდა თავის საყვარელ მუსიკას და, კითხულობდა და კითხულობდა წიგნებს. დადგებოდა თუ არა ზამთარი, იცვლებოდა ბეთჰოვენაც. შუბერტს თუ მოუსმენდა მხოლოდ, წიგნს კი არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა. ასეა დღესაც, როცა უკვე 40 წლისაა და როგორც თვითონ წერს ხოლმე, სამყაროს ერთი ცალიღა შემორჩა.

პლატოზე ყველა იცნობდა ბეთჰოვენას. განსაკუთრებით – მას შემდეგ, რაც თავის სახელოსნოში უკრაინის უზარმაზარი დროშა გამოფინა. ბევრი კლიენტიც დაკარგა, თუმცა დროშისთვის ადგილი არ მოუცვლია. ისე კი, შემოსავლით უკმაყოფილო არც არასდროს ყოფილა.

მთელი ცხოვრების მანძილზე ძლივს შეკოწიწებული რეპუტაცია ერთ დღეს ჩამოენგრა, თუმცა დღემდე ბევრს უჭირს მომხდარის დაჯერება. ვინ და ბეთჰოვენამ ეს როგორ ჩაიდინაო. ასეა თუ ისე, ბეთჰოვენა პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ჩართული რადიო მოიპარა. ფაქტი შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, რომ არა მომჩივანთა რაოდენობა, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი ავტომობილებიდან რადიოს კარგავდნენ. საცხოვრებლის ჩხრეკისას ორმოცდაათამდე რადიო აღმოაჩინეს, ზოგი არც არაფრად ვარგოდა. გამომძიებელი დაჟინებით ითხოვდა კითხვებზე პასუხის გაცემას. ბეთჰოვენა კი დუმდა. მოგვიანებით გამოირკვა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ვინმე ყრუ-მუნჯ რევაზ აბაშელს რადიო მოუპარავს, თუმცა დანაშაულის მცირე მნიშვნელობის გამო გაუთავისუფლებიათ. ჩვენებაში მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა: „15 წლისა სრულად დავყრუვდი“.

სხვა რადიოებისა ვერაფერი გამოიძიეს, ამიტომ ჯარიმა აკმარეს.  ბეთჰოვენა ახლაც თავის სახელოსნოშია, შოპენის მუსიკის ფონზე წიგნს კითხულობს და კიდევ მეტად უყვარს სიცოცხლე.“

   სიჩუმემ გამომაღვიძა. შემრცხვა. არ მახსოვს, როდის შემოვედი სემინარზე. ან ეს ამბავი, რომელმაც გამაკვირვა კიდეც და ღიმილიც მომგვარა, მესიზმრა? ასე ნაძალადევად მხატვრულად? ამაზე ფიქრის დრო არ იყო. მართალია, მეგონა, ყველაფრის ჩადენა შემეძლო, მაგრამ აუდიტორიიდან გასვლის გამბედაობა არ მქონდა. ხელს აქაც დიდის ამბით ვიწევდი. ჯანდაბა, როგორც ბეჯით სტუდენტებს ემართებათ ხოლმე, მაინცდამაინც ის მკითხეს, რაც ყველაზე ცუდად ვიცოდი. იურიდიულგამოვლილი სტუდენტი ნაკლებად უნდა ვიბნეოდე, ამიტომ საუბარი მაინც დავიწყე.

  • ქასრაშვილის „მონა“ წაიკითხეთ?
  • არ-რა. – არ ჯობია მიწა გამისკდეს?!
  • რატოომ?! – კითხვა არ იყო. დანანებას ჰგავდა. სხვას მიმართა.

შესვენებაზე წინ გადაჯდომა მთხოვა. არადა, ისევ ძილს ვაპირებდი.

– ასეთი ლამაზი და გონიერი სად იყავი? – აი, ნამდვილი სიკვდილი. მგონი, მაშინ შევხედე პირველად და ღმერთო, რა ლამაზი იყო. მინდოდა, მეყვირა.

ასე მარტივად ვერ ზემოქმედებენ ხოლმე. სამსახურში მისული სოფლის სკოლას დავუკავშირდი და სასურველი წიგნების ჩამოწერა ვითხოვე. ყიდვას ვაპირებდი. როგორმე მისი ყურადღება უნდა მიმექცია.

შინ მისული კვლავ ჩემს ფსიქიატრიულში მოხვედრილ თავს მივუბრუნდი. აღარ მგონია, რომ ეს ჩემი მომავალია, მაგრამ ხომ მეგონა?! ასე შეიქმნა „რენე“. „რენე მოვდივარ“- ავყვირდი გონებაში.

„ მადლი აღმითქვამს, დამბადებელო, ამ უჩვეულო წყალობისათვის… მგონი, დღეს მეტად თეატრალიზებულად გამომივიდა. აჰ, ისევ 6 საათია. კვლავ ამღერდება ჩემი ოცნება, მზით შეივსება შესავსებელი… ნუთუ, უკეთ არ შეგიძლია?! აბა, გუშინდელ ნაშრომს შევხედოთ. რამდენი ფერია! მთელი სამყარო დამიხატავს. სამყარო! აჰაჰ…გულიანად ვიცინი. ის ნახატი რომ იყიდა ქალბატონმა შვეიცარიიდან… შვეიცარია! აჰაჰ… მე კი აქ უნდა ვეგდო. რომელი ნემენცურქუდიანი მე ვიყავი…ისევ კარის ხმაა. ეს ფარისევლები. ახლა რაღა უნდათ.

ბატონო რენე, დღეს თქვენი დაბადების დღეა. – თითქოს მე არ ვიცოდე. ჩემი დამცირებით ირჩენენ თავს, სამაგიეროდ ბატონოთი მომართვის ვალდებულება აქვთ. გილოცავთ! – რაღაც ორცხობილის მსგავსს მაწვდის. „სად არის სანთელი?“ ვკითხულობ ჩემთვის და პასუხს საკუთარ თავში ვპოულობ. „ჩაქრა, ბატონო რენე! აჰაჰ, ჩაქრა… როდის, როდის ეგ ჩაქრა.“
მტერმან ვერარაი მოიმაქნისაო… ჩემი დაბადების დღე არ არის. მორჩა ცირკი! გამოართვით ჩემს მეგობრებს საღებავები. ხომ ხედავთ, აღარ მაქვს. – რენე მშვიდად! მიხაკებიანი ლარნაკის დამსხვრევას მსაყვედურობენ. თითქოს შროშანი ყოფილიყოს…აჰაჰ. მოვიშორე!

…მეორე დილას წერილი იპოვეს: „გახსოვს, რენე? მოკვეცილ ალუბალს მარადისობის ილუზია ზედაც გადაჰყვა…დღესაც მოვიცდი, იქნებ სარკმელს ის ტოტი მისწვდეს“. შემდეგ კი გარკვევით ამოიკითხავდით: „დროა, დაღუპული გული დავიმარხო.“

ყველა ნამუშევარს ერთიანად გადაუძახეს სანაგვე ურნაში. ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ თითოეული მხოლოდ ერთმანეთში არეულ ფერებს წარმოადგენდა. მხოლოდ დღიური დააყოვნეს რამდენიმე დღით.

„სები, სადა ხარ! სადა ხარ, სები!“

  • ნაგვის ურნაში!“

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად შევძელი რაღაცის დაწერა (უკანასკნელი გაბრძოლების საშუალება მივეცი რენეს).

   ერთი კვირა მალე გავიდა. ჩაძინების და თანმხლები უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად დილის სემინარი გავაცდინე, შუადღეს კი დიდი მოლოდინით გამოვცხადდი. თან თავს ვუმეორებდი, რომ არავინ ვარ და ქარჩხაძის „მარიანა“ უნდა მახსოვდეს ყოველთვის. გოგონა, რომელიც თითქოს შენიშნეს, გააღმერთეს, მაგრამ უკან დაბრუნებისას აღარც შეამჩნიეს. ასეა თუ ისე, მე მეორედაც გამოვცხადდი და აჟიტირებული ვფიქრობდი, თითქოს უნივერსიტეტისგან მადლობაც მეკუთვნოდა.

  • ეჰ, როგორ მიყვარს იმპრესიონიზმი! – იმ სემინარიდან ეს სიტყვები დავიმახსოვრე.

…გადავწყვიტე, რენე აღარ ვიყო, ვინც ვარ, ის ვიყო. ვიბრძოლო, აღარ დავცინო თავს. დიაგნოზს არ ამოვეფარო და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ისევ შემიყვარდა. ჩუმი სიყვარულით შემიყვარდა. გავა დრო და, მე ამ გრძნობას გავამხელ, მაგრამ ახლა რისი თქმა მინდოდა. აზრთა შეუკავშირებლობას ყოველთვის ეშველება, თუმცა სიმართლეს ვერ დაგიმალავთ. ზუსტად ვერ ვიხსენებ, სხვა სტუდენტის მონათხრობი იყო თუ ჩემი ძილში გამონაგონი, მაგრამ ბეთჰოვენა მეგობარია.

ამაღამ ლუდს დავლევთ. მის ამბავს მოვუყვები. ბევრს ვიცინებთ და ვისაუბრებთ კიდეც.

დიახ, მეგობრებო, ვისაუბრებთ!“

   ო, ეს ტექსტი კონკურსისთვის დაწერა რენემ, მაგრამ თავს დავდებ, ერთ სიტყვასაც არ გვატყუებს და ადამიანი, რომელსაც უნაზესი გრძნობით ტექსტი მიუძღვნა, ქალია. მისმა მეგობარმა გამიმხილა, რომ limerence-ზე ესაუბრა და აუხსნა, რომ შფოთვის მქონე პირებს არც თუ იშვიათად ახასიათებთ ერთი ადამიანის ამორჩევა და ლამის გაღმერთება.

   სულ ეს არის, რაც რენეს შესახებ მოვიძიე. ქაოსური წერა, აზრთა შეუკავშირებლობა და სიმართლე, აი, რა ქმნიდა რენეს. ბოლო ჩანახატი მაფიქრებინებს, რომ მას არ შეეძლო თავის მოკვლა, რადგან მან ფურცელზე ერთხელ უკვე მოიკლა თავი. ის იბრძოდა. ებრძოდა კაპიტონ მანაგაძეს საკუთარ თავში და მეგობრობდა ბეთჰოვენასთან, ამ მართლაც უტყვ პიროვნებასთან.

***

  • გამარჯობა. მე ელენე ვარ, რენეს მეგობარი.
  • დიახ…
  • იცით, მას უნდოდა, მისი დღიურები მე ჩამებარებინა. ეს სამივე რვეულს აწერია… ვაპირებ გავეცნო და მისი სურვილის შესაბამისად, გადავცე ფსიქიატრს კვლევისთვის ან ნაწილი მაინც გავასაჯაროვო.
  • …მმ…
  • არა, იცით, შეგიძლიათ შეამოწმოთ. ეს მისი სურვილი იყო. ამიტომ წერდა. მხოლოდ წერდა.
  • ჩვენ მხოლოდ მეოთხე რვეული გვაქვს. მას არაფერი აწერია, მაგრამ გაჩვენებთ.
  • კი, მაგრამ, რა იცით, რომ მეოთხე გაქვთ, დანომრილია?
  • 3 თავად რენეს აქვს.

***

                                             „ესაა ჩვენი ცხოვრება!

   26 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება გადავწყვიტე. თვალები გავახილე და გასაუბრებაზე წავედი:

  • მხოლოდ იმიტომ უნდა აგიყვანოთ, რომ იურიდიული და ფილოლოგია გაქვთ დამთავრებული და გაქვთ მოტივაცია?

ედავე!

აჰ, აქ იგულისხმეთ მთვარე, რომელიც ყოველთვის შეუბრალებლად შემომხედავს ერთ მღილს“.

 

***

მე, როგორც თითქმის ღმერთი ჩემს საქმეში, პირობას გაძლევთ, რომ გაგრძელება იქნება.

მერი ხვიბლიანი