ჩანახატები / მოთხრობები

ავტორთა ჩანაწერები, ჩანახატები და ის ნაწერები, რომელთაც სახელი არ აქვთ.
picture1

შეუმდგარი კოლაჟი

 

– ა’მ ბეგინ, ბეგინ იუუ..

– გამორთეთ! – შესრულდა. – სირცხვილია!

– ჩავატანოთ?

– რაც გინდათ, ის ქენით. დაწვით!

– ცოდოა. ბარბაროსები ხომ არ ვართ?!

– ჩადეთ, მაშინ. ოღონდ მე თავი დამანებეთ!

–  აწერია, რომ…

– არ მაინტერესებს! ჩადეთ!

– კარგი…

მეცხრე სიმფონიის წყევლა

გუშინდელი საუბარი ვარსკვლავებთან წარმატებით დასრულდა. ვენა ხომ დიპლომატიის ქალაქია, მათ შორის – საკუთარ თავთანაც. გადაწყვეტილება მიღებულია. ბეთჰოვენი ბედნიერია. დილა, ტრადიციულად, სამყაროს მიმართ მადლიერების გამოხატვით დაიწყო. „გმადლობ, უფალო, გმადლობ! ყველაფრისთვის გმადლობ!“, წარმოთქვა, ჩაფიქრებულმა გახედა ახალ წიგნს, თეთრ თეთრეულს გადმოაბიჯა და მუხის ერთადგილიანი საწოლიდან წამოიმართა. ეს უკანასკნელი, რთულად შესამჩნევი, არცთუ ნიჭიერი ოსტატის მიერ შესრულებული ორნამენტებით გაფორმებული, წინა ბინიდან წამოიღო და მეგობრები გააკვირვა კიდეც. ათობით ბინა გამოიცვალა ვენაში და, ჩვეულებრივ, ავეჯს ხელუხლებლად ტოვებდა. ახლობელთა გაკვირვება უსაფუძვლო სულაც არ იყო. ბეთჰოვენი ხომ დაფასებული და იმავდროულად, შეძლებული კაცი იყო, იმპერატორის კარზე მიღებული და პატივცემული. აი, სწორედ დღეს უნდა შეხვდეს ფრანც ავსტრიელს და აცნობოს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება. ალბათ, იტყვით, ყოველი გადაწყვეტილება ისედაც საბოლოოაო, მაგრამ ბეთჰოვენის შემთხვევა განსხვავდებოდა. მას იმდენჯერ სთხოვეს, დაეწერა კიდევ ერთი სიმფონია, რომ უხერხულობისგან მხოლოდ ადგილზე ცმუკვას თუ მოახერხებდა და დავფიქრდებიო, მაგრამ არამგონიაო, იტყოდა. დღეს კი მტკიცედ დავდგებიო, საკუთარ თავს გამოუცხადა და ფრანც პირველთან შესახვედრად მოემზადა.

2020 წელი

2020 წლის გაზაფხულმა ჩემ მიერ განვლილ ცხოვრებას დიდი დიაგონალური რკალი გაავლო და წარსულში ამ რკალის მცირე ნაწილი მოაქცია. ამან დასაწყისში კმაყოფილებით გამოწვეული მოულოდნელობა მაგემა, შემდეგ კი არა ერთიანად, არამედ აუჩქარებლად, ცხოვრების მანძილზე ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი უსიამოვნებათა სიუხვე ინტერვალების გარეშე განმაცდევინა.

რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში იმ განსაკუთრებული, სიახლეების მომტანი და ახალ საფუხურზე გადამყვანი თვის დასაწყისამდე?