კრიტიკა / რეცენზია – ევროპას მოტაცება

ევროპას მოტაცება

(ელენე ჯანელიძის მინიატურის მიხედვით)

ევროპესმოტაცება

მსოფლიო ხელოვნებაში გამორჩეული და საპატიო ადგილის მქონე ევროპას მოტაცების თემას გვერდი არც ელენე ჯანელიძემ აუარა. მეტიც, თავის მინიატურაში „ევროპას მოტაცება“, იმაზე მეტი მისია დააკისრა მშვენიერ ასულს, ვიდრე მითი ამის შესახებ გვაუწყებს. მარგალიტის რქებით მოსილი თეთრთოვლა ხარის ნაცვლად, ქართველ მწერალთან ვხვდებით „თეთრ რაშს“, რომელიც ირონიულ შეფერილობას იძენს შემდგომი დაზუსტებით: „თეთრ რაშზე, არა, ხარზე ამხედრებული“. სიყვარულის გამო ხარად გადაქცეული ღმერთი ელენე ჯანელიძისთვის მხოლოდ ხარია, „სახედარი“, თუმცა თავისი ფერით მაინც გამორჩეული. შესაძლოა, სწორედ ფერმა მოხიბლა ევროპაც. ვინ იცის?! მაშ ასე, ბედმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა უმშვენიერესი გოგონა. ავტორი იქვე უშვებს ქალწულის ნებაყოფლობითობასა და მისთვის დანიშნულების ადგილის სიცხადეს. თუმცა არ ჩანს, რამდენად კმაყოფილია ევროპა ბედისწერის გადაწყვეტილებით. ერთი რამ ცხადია: ხარის სილამაზით მოხიბლული თავად „ამხედრდა“ ცხოველზე და არც ზღვაში გადაეშვა თავის დახსნის მიზნით. ამიტომ, იქნებ, საკუთარ ნებას და არა ბედს მიჰყავდა ევროპა, რომელსაც მეხსიერებაში ნაპირზე დარჩენილი ადამინების სახეები ჩაებეჭდა და დროდადრო ახლაც ახსენდება; არ ივიწყებს გულგრილ ხალხსა და პირველ შეჯახებას ადამიანურ ბუნებასთან.

მწერლისათვის ადამიანს თანალმობა და გულისტკივილი შეუძლია, მაგრამ არა იმდენად, რომ უცხო ცხოველის მიერ მოტაცებული ქალის დასახმარებლად ფეხი დაისველოს. ევროპასთვის თავისი სამშობლო ახლობელთა მიმართ დამოკიდებულება იყო. სწორედ ამიტომ, ადამიანთა რეალური სახის დანახვის შემდეგ, მშობლიური ქალაქი ჩაკვდა ქალისათვის. იქნებ, სამშობლო ისაა, რომელიც ზრუნვის ინიციატივას თავადაც იჩენს და ასეთ ემოციურ მიმართებას ცალმხრივად არ წარმოიდგენს. ამგვარად, ევროპა უსამშობლო ხდება. სამაგიეროდ, ნათდება ახალი გზა, „რომლისკენაც მიაქანებდნენ“. ქალი, რომელიც საკითხავია, ახლაც, როცა წარსულს გაჰყურებს, ახალგაზრდაა თუ არა, საკუთარ თავში გამოურკვეველია. მას ხშირად ახსენდება წუთი, როდესაც მოიტაცეს. თუმცა, მეორე მხრივ, თვლის, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, არა მაინცდამიანც იმიტომ, რომ მიმდინარე ყოფით ბედნიერია (ეს არ ჩანს!), არამედ იმიტომ, რომ ბედისწერის მორჩილება უსწავლებია ცხოვრებას. „ბოლოს და ბოლოს, ახლა ხომ მთელი კონტინენტის მბრძანებელია“ – წერს ავტორი და მიმყარებს აზრს ევროპას უბედურების ან მსუბუქად რომ ვთქვათ, ბედით უკმაყოფილების შესახებ. როგორც ჩანს, კონტინენტის მბრძანებლობა ბედნიერებისათვის საკმარისი ან შეიძლება, ელემენტარული პირობაც ვერ გახდა. ელენე ჯანელიძისთვის ხარად გადაქცეული ღმერთი ევროპას ერთგულია, ხოლო თავად ქალი, ხარზე ამხედრებული დაფრინავს „აქეთ-იქით“, მაგრამ იცის, რომ ევროპას ვერ გასცდება. ევროპა არ არის იმდენად გამბედავი, რომ კონტინეტის მიტოვებას შეეგუოს, რადგან ისიც იცის, რომ „თუ ერთხელ წავა, აღარასდროს დაბრუნდება“. საყურადღებოა, რომ ავტორი გამოიყენებს სიტყვას „აღარასდროს“ და არა „ვეღარასდროს“, რაც ევროპას სავარაუდო განწყობილების დადგენას კიდევ უფრო გვირთულებს. რა აკავებს მას წასვლისაგან, თუ უკან არათუ ვერ, არამედ არ დაბრუნდება?! სამშობლოსაკენ „იდუმალი ხმა“ უხმობს და ამ მომენტში ყველას ერთად გვახსენდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი. ევროპასაც თავისუფლად შეუძლია, განაცხადოს: „მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ, / და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!“. ქალმა იცის, რომ სამშობლო უკუნეთში დატოვა, „მშობლიურ უკუნეთს“ უწოდებს მას და ყოველდღე მიფრინავს მისკენ, თუმცა, როგორც ითქვა, არ ტოვებს ევროპას. მას უბრალოდ უნდა, ახსოვდეს სად არის თავისი მშობლიური კრეტა. იქნებ, ეს იმედია იმისა, რომ ერთ დღესაც ევროპა გასცდება კონტინენტს და დაუბრუნდება კრეტას. აქ ორი კითხვა ჩნდება: რატომ არ არის კრეტა ან ის წარმოსახვითი ან რეალური მიწა, რომელიც შესაძლოა, ნაგულისხმევია, ელენე ჯანელიძისათვის ევროპის ფარგლებში მოქცეული და მეორე, რა შეუძლია გააკეთოს შინ დაბრუნებულ ევროპას, შესწევს კი მას ძალა შეებრძოლოს უკუნეთს?! იქნებ, მხოლოდ გაბრძოლებასაც დასჯერდეს? ვინ იცის! ქალს კი მაინც რემბრანდტის სურათი უდგას თვალწინ და კვალავაც თავისი მოტაცების მომენტს უბრუნდება.

მრავალწერტილით გამოყოფილი მონაკვეთი საკმაოდ დამაფიქრებელია. თითოეულ ადამიანს უკან თანამგზავრი მოგვყვება, ისე, რომ, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მისი (იქნებ, ბედის?) მარიონეტები, მაგრამ მწერალი გადაჭრით ამბობს: „უკან გახედვა არ შეიძლება!“. მითების სამყაროში გადაშვებულთ ორფეოსისა და ევრიდიკეს მითი გვახსენდება, მაგრამ ვფიქრობ, ავტორი განზრახ გვიბნევს გზას ან ეშმაკის როლში გვევლინება და უკან მიხედვისაკენ გვიბიძგებს. თუმცა, სანამ ქვესკნელში ვართ, რომელიც არც ვიცით, დასრულდება თუ არა, იქნებ, მართლაც ღირდეს შებრუნება და გაურკვეველ ძალასთან დაპირისპირება?! სხვის მორჩილ იარაღად ყოფნა, ყოველ შემთხვევაში, ამის წამოძახება, არავის მოსწონს, ამიტომ ელენე ჯანელიძე ასრულებს მინიატურას და რთულად გადასადგმელ ნაბიჯს მარტივად გვისახავს: „რა არის ის, რაც შენ უკან დგას? ან საით მიჰყავხარ? არ ვიცი… გაიხედე და გაიგებ…“ ის შეიძლება იყოს ანგელოზიც. არ ვიცი…

მერი ხვიბლიანი